კატეგორიები

ევროკავშირის გაფართოება – მარტა კოსის ხედვა

ევროკავშირის გაფართოება – მარტა კოსის ხედვა

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი მზარდი ინტერესისა და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების პროგრესისადმი გაზრდილი ყურადღების ფონზე გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ევროპარლამენტარების წინაშე წარდგა.

დისკუსია დიდწილად უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს დაეთმო, სამ ქვეყანას, რომელთაც კანდიდატის სტატუსი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ მიენიჭათ.

გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად გახსნით მინიჭებული ბიძგის მიუხედავად უკრაინა და მოლდოვა კვლავ მრავალი დაბრკოლების წინაშე დგანან ევროინტეგრაციის გზაზე, იქნება ეს მზარდი ზეწოლა და ჰიბრიდული თავდასხმები კრემლის მხრიდან, თუ კრიტიკულად განწყობილი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგობა…

მარტა კოსის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, ორივე ქვეყანა მიიწევს წინ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა რაც შეეხება საქართველოს, მისი მომავალი გაერთიანებაში მეტად ბუნდოვანია.

„საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის და შესაძლოა, ამ გზაზე დაბრკოლებებს წავაწყდეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციისგან დაშორებას განაგრძობს. ქართველი ხალხის არჩევანი ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ისინი ყოველ ღამით ქუჩებში გამოდიან, რადგან ამ არჩევანის შენარჩუნება სურთ. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია“, – ამბობს მარტა კოსი.

ევროკომისიამ უკვე შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი, 100 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დაფინანსება.

წარდგენილია წინადადება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებითაც, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წლის იანვრის ბოლომდე უყრიან კენჭს.

მარტა კოსის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე გამოყოფილია 8.5 მილიონი ევრო. მზად ვართ, გამოვყოთ დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის…  ასევე ჩვენ უნდა გავაძლიეროთ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე რეაგირება“, – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში.

ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე საუბრისას მარტა კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესი არა მხოლოდ პოტენციური წევრების, არამედ ამჟამინდელი წევრი სახელმწიფოებისთვისაც შეღავათიანი უნდა იყოს. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს „გეოპოლიტიკური შეღავათის“ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.

„გეოპოლიტიკური შეღავათი არ იქნება. გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად. როგორც 7 ნოემბერს აღვნიშნე, მე შევასრულებ იმას, რასაც ვამბობ ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით. კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური ღირებულებები კვლავ იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ქვაკუთხედი და სამომავლოდ გაფართოებული, რეფორმირებული გაერთიანების საფუძველი“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

2025 წლის 1-ელ იანვარს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა.

მარტა კოსის თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების პროცესი მნიშვნელოვან იმპულსს მიიღებს. როგორც ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ამბობს, პოლონეთის გაცხადებული მიზანი მომდევნო 6 თვის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით წინსვლა იქნება, განსაკუთრებით უკრაინისა და მოლდოვისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, მისი მომავალი მეტად ბუნდოვანია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირში ამ დრომდე არ არსებობს სრულყოფილი კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან თანამშრომლობა. თუმცა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი პირობას დებს, რომ სამომავლოდ, საქართველო მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები