მთავარისაქართველობათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ

ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, თავს დაესხნენ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა. ამავე წყაროს ცნობით, ოპოზიციონერ ლიდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე.

გიორგი გახარიას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ექიმი, რომელმაც გიორგი გახარიას პირველადი დახმარება აღმოუჩინა, აცხადებს, რომ ოპოზიციონერ ლიდერს აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. ექიმ თაკო შანთაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ კლინიკა უკვე დატოვა.

„მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა – სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა”, – უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა თაკო შანთაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებასა“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, აკისრებს.

„ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარა ხომ გახსოვთ გახარია მიმართ? დღეს ეს იყო პირადად ივანიშვილი. პასუხისმგებლობაც არის პირველ რიგში ივანიშვილის. ბიძინას შიში რომ გახარიას ჰქონოდა, პოლიტიკაში არ დარჩებოდა. უდიდესი შეცდომა დაუშვა. უდიდესი”, – დაწერა მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ის ასევე ძალოვან სტრუქტურებს მტკიცებულებების განადგურების დაწყებაში ადანაშაულებს.

„ვურეკავ აჭარის ა/რ პროკურორს. არ მპასუხობს. „შერატონის” დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს”, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 2 წლამდე პატიმრობით.

ფაქტს ამ დრომდე არ გამოხმაურებია მმართველი პარტია. თემაზე ჯერ არც ინციდენტში მონაწილე პირებს უსაუბრიათ საჯაროდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend