კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. „ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და MEGOBARI აქტის ავტორთან, კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრისას საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს და 4 პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცეს. ამ დოკუმენტში ყველა იმ მოთხოვნაზეა საუბარი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოში უწყვეტი პროტესტი იმართება.
„რამდენიმე კონგრესმენთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის ბატონ ჯო უილსონთან. ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით „ქართული ოცნების” ეგრეთწოდებულ „გაპრავებას” დაიწყებს, არის გამორიცხული! ეს არის აბსურდი და დიდი ტყუილი! პირიქით, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის მტკიცე მხარდაჭერა, პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ. მტკიცე მხარდაჭერა, რომ ამ კრიზისის განსამუხტად საქართველოში საჭიროა ახალი სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები, რაც ყველაზე მთავარია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. კონგრესმენ უილსონთან, ისევე როგორც სხვა კონგრესმენებთან, ჩავიტანეთ ოთხი გამარჯვებული ოპოზიციური გაერთიანების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და ვაჩვენეთ ის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც ამ კრიზისის განსამუხტად უნდა გადაიდგას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ზღაპრები, რომლებსაც სამწუხაროდ „ქართული ოცნება” ავრცელებს თავის ამომრჩეველში, არის ტყუილი. ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ დადგება ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნის გვერდით და ამას ვნახავთ ძალიან მოკლე დროში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.