საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოქალაქეთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
„პირველ არხთან“ შეკრებილ დემონსტრანტთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძისა და გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომა, ასევე ეთერის დათმობა ხალხისთვის.
დემონსტრანტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, რომელიც 10-11 იანვრის ღამეს ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 იანვრის გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობას.
მოქალაქეთა პროტესტს შეუერთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ის ნაწილი, რომელიც არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მოიტყუა, როცა მოქალაქეებს განუცხადა, რომ არ ჰქონდათ ტექნიკურ-ფინანსური შესაძლებლობა, უზრუნველეყოთ ღია ეთერი საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით. დემონსტრანტთა თქმით, „პირველი არხის“ დირექციის 13 იანვარს მიღებული ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 2024 წლის 30 ნოემბერს გაცემულ დაპირებას და მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადებით დაფინანსებული ტელევიზიის მიზანი უნდა იყოს ხალხის პრობლემების გაშუქება.
