კატეგორიები

„როგორ მივიდეთ არჩევნებამდე” – სამოქალაქო სექტორი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე მსჯელობს

„როგორ მივიდეთ არჩევნებამდე” – სამოქალაქო სექტორი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე მსჯელობს

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის პირობებში სამოქალაქო სექტორი მსჯელობს, თუ რა იქნება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.

„როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე – სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიებაში“, – ამ სახელწოდებით, „დემოკრატიის კვლევის ცენტრმა“ გამართა გაფართოებული ფორმატის კონფერენცია. შეხვედრის ორგანიზატორმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოსავალი დიალოგსა და მშვიდობიანი გზით ახალი არჩევნების მიღწევაშია. ამისთვის კი, „ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა შესაბამისი პოლიტიკური ნება უნდა გამოხატოს.

„მნიშვნელოვანია, რომ გაანალიზდეს, თუ რატომ მოვედით აქამდე, რატომ არის ეს პრობლემა შექმნილი ქვეყანაში, რასაც პოლიტიკური კრიზისი ჰქვია, როდესაც ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმურად ცნობილი და ამის გამო ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე.  ვხედავთ, რომ მოქალაქეების პროტესტი გრძელდება თვეების განმავლობაში და საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურდება. რეალური მოთხოვნა არის ის, რომ ხელისუფლება წავიდეს კომპრომისებზე. ამ დროს, ფაქტია ის, რომ ხელისუფლება არანაირ დიალოგს არ აწარმოებს ათიათასობით მოქალაქესთან. უფრო და უფრო იზრდება ის ყრუ კედელი, რომელიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებობს. საზოგადოება, ჩვენ, ყოველთვის მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის, მაგრამ ეს დიალოგი უნდა იყოს ძალაუფლების რეალურად მფლობელ პირთან. ამ შემთხვევაში კარგად ვიცით ჩვენც და საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუ ვინ არის ეს პირი (ბიძინა ივანიშვილი)“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

დახურული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა. მათი განცხადებით, პოლიტიკურ კრიზისს პოლიტიკური აქტორები წყვეტენ. თუმცა, სამოქალაქო სექტორი ვალდებულია, მიეხმაროს პროცესებს საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე.

„დღევანდელი შეხვედრის ისევე, როგორც შემდეგი რაუნდების მთავარი თემა არის ის, რომ ვისაუბროთ, რა ხდება კრიზისის შემდეგ, რა არის საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, არსებობდეს ნათელი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მეორე, მესამე, მეოთხე ნაბიჯი იმის შემდეგ, რაც კრიზისის განმუხტვაზე მუშაობას დავიწყებთ. მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა იცოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების პირობებში, მათი უფლებების აღდგენისთვის ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. „ქართული ოცნების” მომხრეებმაც უკვე ღიად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ პრობლემა აქვთ ევროპასთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან. ზოგადად, ავტორიტარიზმის ნიშანი ეს არის, ჩანან, რომ მყარად დგანან, სანამ დგანან. მერე ერთი დილა გათენდება და ჩამოიშლებიან. ეს გარდაუვალია, უბრალოდ, „ქართული ოცნება” ახლა აყოვნებს გარდაუვალს, დროის გახანგრძლივებით არის დაკავებული, რა პერიოდშიც სულ უფრო მეტი ადამიანი ზარალდება ფიზიკურად, მორალურად, კარგავენ სამსახურებს. სისტემა რაც უფრო სასტიკი ხდება, მით უფრო ნათელია, რომ დასასრული ახლოვდება“, – განაცხადა „სამოქალაქო იდეის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა თინა ხიდაშელმა.

მას შემდეგ, რაც სამოქალაქო სექტორი ერთიან ხედვას შეიმუშავებს, თუ რა მიდგომებით უნდა მოხდეს ახალი არჩევნების დანიშვნა და უზრუნველყოფა, „დემოკრატიის კვლევის ცენტრი” გეგმავს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთანაც შედგეს.

ალეკო გვეტაძე

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები