კატეგორიები

აქციებისას დაკავებულთა ოჯახები საზოგადოებას გაფიცვისკენ მოუწოდებენ

აქციებისას დაკავებულთა ოჯახები საზოგადოებას გაფიცვისკენ მოუწოდებენ

აქციების დროს დაკავებულთა მშობლები და ოჯახის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ხვალ, 15 იანვარს, დაგეგმილ გაფიცვას.

„ჩვენი შვილები დღეს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან. მათთვის გაუქმებულია სასამართლო და სამართალი. მათი დანაშაული ისაა, რომ ქართველი ხალხის ნება და არჩევანი დაიცვეს“, – განაცხადეს აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრებმა დღეს ერთობლივი განცხადების გაკეთებისას.

ერთობლივი განცხადება ერთ-ერთი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის, მამამ წაიკითხა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები „უსამართლო სასამართლოშიც აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ახალი არჩევნებისთვისა და დემოკრატიისთვის“.

დაკავებულთა ოჯახის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, გაფიცვის გზით გამოხატონ საკუთარი მხარდაჭერა და მოითხოვონ „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლება.

„ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები, მეუღლეები, შვილები, მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებელსა თუ დასაქმებულს, საკუთარი ქვეყნისა და ჩვენი შვილებისთვის, 15 იანვარს, 15 საათზე, შემოუერთდეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას. მოგიწოდებთ 3 საათით შეწყვიტოთ მუშაობა და დადგეთ თქვენი სამუშაო ადგილის წინ, ასე გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და მოითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ჩვენი შვილები დღეს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან. მათთვის გაუქმებულია სასამართლო და სამართალი.

მათი დანაშაული ისაა, რომ ქართველი ხალხის ნება და არჩევანი დაიცვეს. ივანიშვილის პირადმა კრიმინალებმა ჩვენ შვილებზე იძალადეს, აწამეს და დააპატიმრეს. ეს ჩვენთვის სასჯელიცაა და სიამაყეც. საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლის დასაცავად პროტესტზე გამოსული ასიათასობით პატრიოტთა შორის ჩვენი შვილები იქცნენ გმირებად. ჩვენ ვამაყობთ მათით.

ჩვენი შვილები უსამართლო სასამართლოშიც აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ახალი არჩევნებისთვის, დემოკრატიისთვის.

როდესაც ჩვენ ქუჩებში ვდგავართ, იმალებიან ისინი, ვისაც ეს ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება.

ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა და საქართველო გვეკუთვნის ჩვენ!

თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაპატიმრებულებს!

15 იანვარს იფიცება საქართველო!“ – ნათქვამია განცხადებაში.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები