საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს. მათგან ოთხი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. სახალხო დამცველი დაიწყებს გამოძიების მონიტორინგს.
არაერთი დაკავებული მიუთითებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ არ განუმარტეს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ასევე მიუთითებენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ დაკავებული შიმშილობს უსაფუძვლო დაკავების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში შესვლისა და დაკავებულთა მონახულების შესაძლებლობა არ მიეცათ, რასაც სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს.
ომბუდსმენი მოუწოდებს ძალოვან უწყებას, სამომავლოდ აღმოფხვრას მსგავსი ფაქტები და არ შექმნას ხელოვნური დაბრკოლებები დაკავებულთა მონახულების პროცესში.
