სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო საპასუხო ზომებით იმუქრება, თუკი უკრაინა არ აღადგენს რუსული გაზის ტრანზიტს.
ბრიუსელში ევროკომისიის პრესკონფერენციაზე, ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა შესაძლოა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება შეუწყვიტოს, შეაჩეროს ელექტროენერგიის მიწოდება და შეამციროს ან გააუქმოს შეღავათები უკრაინელი ლტოლვილებისთვის.
„მინდა კიდევ ერთხელ, ძალზეც მკაფიოდ განვაცხადო, რომ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა უახლოეს მომავალში მკაცრ საპასუხო ზომებს მიიღებს. დიახ, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ სისასტიკეა ის, რასაც ვამბობ, თუმცა ასევე სისასტიკეა ის თუ როგორ გვექცევა ჩვენ და ევროკავშირს ზელენსკი. ეს დამაზიანებელია და სასტიკი“, – ამბობს რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.
მილსადენი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის ქსელში არსებული ოთხი მარშრუტიდან ერთ-ერთია, რითაც ევროკავშირს რუსული გაზი მიეწოდებოდა.
კიევმა მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა გაზის მიწოდება, სატრანზიტო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ომამდე გაფორმდა და, რომელსაც ვადა 2024 წლის ბოლოს ამოეწურა.
პლატფორმა იქსზე უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა ნიშნავს, რომ მოსკოვი დაკარგავს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და გეოგრაფიულად მისაწვდომ ბაზარს.