სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მრევლი ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავდა, საშობაო წირვა-ლოცვა აღევლინა. ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრო.
ტაძარში მრევლთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც, ძირითადად, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მედიასთან ირაკლი კობახიძემ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ თავად განიცადა საქართველოში არსებული ე.წ. „ლიბერალური ფაშიზმის” გავლენა.
Following discussions and after close consideration, I’ve decided to postpone visiting Georgia until a time that the @OSCEPA’s engagement would be most effective. We remain ready to listen to all voices and offer assistance in implementing @osce_odihr election recommendations.
— Pia Kauma (@PiaKauma) January 6, 2025
„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას და მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის ასეთი იყო. ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხედავთ, როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც აბსოლუტურად გამაოგნებელია. ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი, მაგალითად, საქართველოში და რეალურად, თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი. ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც ყველა უნდა ვებრძოლოთ და ეს მიმდინარეობა, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა და თქვა, რომ უნდა მიხედონ უკრაინას, რომელიც განადგურებისთვის გაწირეს.
„თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა“, – განაცხადა კობახიძემ.
