კატეგორიები

ცხინვალის ე.წ. „სასამართლომ“ უკანონოდ გატაცებულ საქართველოს ორ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

ცხინვალის ე.წ. „სასამართლომ“ უკანონოდ გატაცებულ საქართველოს ორ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო „მთავრობამ“ 2024 წლის 26 დეკემბერს სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საუბარია ვანო ჯაფიაშვილსა და ასევე ალექსი მამულიაზე, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობითაა აღძრული. დე-ფაქტო „ხელისუფლება“ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.

ცხინვალის რეგიონის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახურის“ 30 დეკემბრის ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქე, გვარად მამარდაშვილი ცდილობდა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას, რაშიც თითქოს მას ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი ეხმარებოდნენ. ამავე განცხადების მიხედვით, მამარდაშვილი რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები