მთავარიამერიკააშშ„ოქროს გლობუსი” 2025

„ოქროს გლობუსი” 2025

2025 წელი კულტურის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო. ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილზში, ამერიკულ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების „ოქროს გლობუსის“ 82-ე ცერემონია გაიმართა.

საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული ამერიკელი რეჟისორის, ბრეიდი კორბეტის,  „ბრუტალისტი” გახდა. ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილ უნგრელ ებრაელ არქიტექტორზე მოგვითხრობს. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო თავად ბრეიდი კობერტმაც. მთავარი როლის შემსრულებელი, ედრიან ბროუდი, კი დრამატულ ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლად დაასახელეს.

„ბედნიერი ვარ, რომ ახლა ასეთი საოცარი ხალხის გარემოცვაში ვარ, აქ არიან რეჟისორები, რომლებითაც გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ.  ძალიან ბევრი ადამიანი თავდადებით მუშაობდა ამ ფილმზე წლების განმავლობაში, მის გადაღებამდე და მისი გადაღების შემდეგაც. მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ჭირსა თუ ლხინში. ჩემს ოჯახს, მონას – ჩემს შემოქმედებით პარტნიორსა და მუზას, ჩემს შეუდარებელ დედას, მერი კორბეტსა და ჩემს შვილს ადას, რომელიც ამ საღამოს საოცრად გამოიყურება თავის კაბაში. ვფიქრობ, ყველა ის განსაცდელი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, ამად ნამდვილად ღირდა”, – განაცხადა ბრეიდი კორბეტმა.

„ახლა ბევრი მაქვს სათქმელი, თუმცა ვეცდები, რომ მოკლედ ვთქვა. „ბრუტალისტი“ ნამდვილად არის ამბავი იმაზე, თუ რამდენი შეუძლია ადამიანს. ამიტომ არასწორი იქნება, არ აღვნიშნო ჩემი კოლეგები. დენიელი, კოლმანი, ტიმი, სებასტიანი, სებასტიანი და რალფი. მეგობრებო, თქვენ რეალურად, მართლა მიაღწიეთ ისეთ სიმაღლეებს თქვენს საქმეში, ეს ისე შთამაგონებს. ბრეიდი და მონა მიყვარხართ, გმადლობ, რომ ფრთები შემასხით და მომეცით საშუალება, მიმეღო მონაწილეობა ამ ტრიუმფის მშენებლობაში“, – თქვა ედრიენ ბროუდიმ.

საუკეთესო მიუზიკლის ან კომედიის კატეგორიის გამარჯვებული ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის, ფილმი ემილია პერესი გახდა. მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის.  წელს ოქროს გლობუსის ყველაზე მეტი, ოთხი ჯილდო სწორედ ამ ფილმს ერგო, სერიალებიდან კი ზუსტად ამდენივე ნომინაციაში გაიმარჯვა ისტორიულმა დრამამ „სიოგუნი”.

ზოი სალდანა „ოქროს გლობუსის” ცერემონიაზე, 5 იანვარი, 2025 წელი Copyright Photo by Jordan Strauss/Invision/AP

დრამატულ ფილმში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის კი ბრაზილიელი მსახიობი, ფერნანდა ტორესი დააჯილდოვეს ფილმისთვის „ჯერ კიდევ აქ ვარ“.

მსახიობმა ეს გამარჯვება დედას მიუძღვნა, პირველ ბრაზილიელ ქალს, რომელიც ოქროს გლობუსზე 1998 წელს წარადგინეს.

„ოქ­როს გლო­ბუ­სი” პირველად მიიღო მსახიობმა დემი მურმა. ის მი­უ­ზიკ­ლი­სა და კომედიის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ ქა­ლად და­სა­ხელ­და ფილმ „სუბსტან­ცი­ა­ში“ შესრულებული რო­ლის­თვის.

„ნამდვილად არ ველოდი, გაოგნებული ვარ. 45 წელზე მეტია, ამ საქმეს ვემსახურები და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც როგორც მსახიობმა რაღაც მოვიგე”, – განაცხადა დემი მურმა.

დემი მური „ოქროს გლობუსის” ჯილდოთი ხელში პრესისთვის პოზირებს, 5 იანვარი, 2025 წელი Copyright AP Photo/Chris Pizzello

მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა ფილმ „ნამდვილ ტკივილში“ შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში კი „ოქროს გლობუსი“ ანიმაციურ ფილმ flow-ს გადაეცა.

ოქროს გლობუსის 82-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 27 კატეგორიაში გამოავლინეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend