მთავარისაქართველორა ჯდება საახალწლო სუფრა

რა ჯდება საახალწლო სუფრა

თბილისში ახალი წლისთვის ემზადებიან. ჩვეულებრივ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დროს პროდუქტებს აგრარულ ბაზარში იმარაგებს ხოლმე, თუმცა წელს ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღით, ადრე თბილისის ერთ-ერთ დიდ ბაზარში არც ისე ბევრი ხალხია.

და ისინი, ვინც უკვე შეუდგა საახალწლო სამზადისს, აღნიშნავენ, რომ ფასები გაზრდილია და საახალწლო სუფრა წელს უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე შარშან.

„რა გითხრათ, ვისაც რა საშუალება აქვს, ისე ყიდულობს საახალწლოდ პროდუქციას. კარგი იქნება, რომ ფასები დაბალი იყოს, ან ხელფასი იყოს იმდენი, რომ ეყოთ. 300-400 ლარი გინდა, რომ ნორმალურად შეხვდე ახალ წელს – ტკბილეული, ხორცი და ყველაფერი გქონდეს. ფასები ძალიან მაღალია. ამიტომ, ხალხი ვერ ყიდულობს, მით უმეტეს, პენსიონერები. როგორ შეუძლიათ, რომ შეიძინონ? დადიან, რომ მცირედი მაინც შეძლონ და მცირედი მაინც ჰქონდეთ სახლში საახალწლოდ. ვისურვებდი, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, ახალ წელს ბედნიერი და გახარებული შეხვდეს. თუმცა, მგონი, ახლა ამის საშუალება არ აქვთ“, – ამბობს ქეთინო დვალიშვილი.

„ტრადიციულ სუფრას თუ მოამზადებ, მგონი, 300-350 ლარზე ნაკლები არ დაჯდება. გოჭის გარეშე, ფხალეული, ხორცი, საცივი თუ იქნება სუფრაზე… რა თქმა უნდა, ფასები გაზრდილია. ხორცზე, ყველზე, ხილზე, აბსოლუტურად ყველაფერზე გაიზარდა ფასები. გაზრდილია მაღაზიის ფასებიც. დამხმარე მასალა, რაც დაგვჭირდება: მაგალითად კარაქი, დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. თუ ფასდაკლებით არ იყიდი, 200 გრამი 10-11 ლარი ღირს“, – ამბობს ტატიანა ჩეროკოვი.

„ალბათ 300-400 ლარი. ანუ, ერთი თვის პენსია, ან ცოტა მეტი. ჩვენ პენსიონერები ვართ და ვფიქრობთ, რომ მინიმალური დავხარჯოთ. ჩვენთვის მთავარი მაინც შობაა და შობას შევხვდებით, ასე ვთქვათ, უფრო გაშლილად…“, – ამბობს ნინო გაბედავა.

მოვაჭრეები კი კლიენტების ნაკლებობას უჩივიან. „შარშან უფრო მეტი დადიოდა წინასაახალწლო პერიოდში. ახლა ძალიან ცუდი პირობებია.

ყოველ დღე ჩავდიოდი საქონელზე და ახლა უკვე ერთ კვირაზე მეტია არ ჩავსულვარ და არც ამომიტანია. ამბობენ ძვირიაო, მაგრამ… ეძვირებათ, რა ქნან. მათაც უჭირთ. მეც რომ არ მიჭირდეს, აქ კი არ დავდგებოდი მთელი დღე და ვიმუშავებდი. რომ მიჭირს, იმიტომ ვაკეთებ. გადასახადები მაქვს. დღიური ხარჯი სულ მცირე 45 ლარია.

ეს 45 ლარი რომ ამოვიღო, იმის საშუალებაც არ არის. 45 ლარს ცოტა არ უნდა და 50 თეთრზე რომ იმუშაო, ვერაფერსაც ვერ გააკეთებ. რას იზამ, რომ არ დადგე და არ იმუშაო, სხვა გამოსავალი არ არის“, – ამბობს თამარ გვიჩია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend