ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა ჟურნალისტებს, რომლებიც იხსენებენ 28 ნოემბერს დაწყებული მასშტაბური დემონსტრაციების გაშუქების ამბავს. ამ დროს მათ საპოლიციო დანაყოფები და უცნობი, ამ დრომდე ჯერ კიდევ დაუდგენელი ნიღბიანი პირები, პირდაპირი ჩართვების დროს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ნაწილი მათგანი ამ თავდასხმების შემდეგ საავადმყოფოებში მოხვდა, ნაწილი კი უმძიმესი ტრავმების მიუხედავად ჯერ საპატიმროებში გადაიყვანეს.
საერთო ჯამში 90-ზე მეტი ჟურნალისტია დაშავებული ბოლო ერთ თვეში. მათი უმრავლესობა გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. ჩვენი რეპორტაჟის გმირები უკვე დაუბრუნდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ხანგრძლივი და ურთულესი რეაბილიტაცია სჭირდებათ.

უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია, გამოიძიოს მედიაზე თავდასხმის ფაქტები, ჯერ არცერთი სამართალდამცველი არ დაუკავებია. ამ თავდასხმებიდან ერთი თვის თავზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჯერ არც ის უთქვამთ, შეუჩერდა თუ არა შსს-ს რომელიმე თანამშრომელს უფლებამოსილება, ან არის თუ არა რომელიმე მათგანი ბრალდებული.
