კატეგორიები

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში 224 ხმოსნის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება 27 წუთს გაგრძელდა. რეგლამენტის თანახმად, ყაველაშვილმა ფიცი კონსტიტუციასა და ბიბლიაზე დადო:

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას ტრადიციულ ფასეულობებსა და ეროვნულ ღირებულებებზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი, ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული. ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია! კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ!“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს სიტყვით სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

ზურაბიშილმა განაცხადა, რომ სასახლეს ტოვებს, ლეგიტიმურობა მოდის ხალხისგან და ამიტომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

სალომე ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა საპროტესტო აქციებისას დაკავებულ მოქალაქეებს და განაცხადა, რომ ახლა ერთმანეთისადმი სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში, მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში. 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად.

საჭიროა, ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას – ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, რომლებიც არიან დღეს დაჭერილი და რომლებიც ასევე იხდიან ჯარიმებს. ამ ყველაფერში უნდა შევეხიდოთ და ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფონდი. ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან – ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე საჭირო ნაწილი იმიტომ, რომ სახელმწიფო მათზეა დამოკიდებული და ხვალინდელი სახელმწიფო მათზე იქნება აშენებული და ვინც დღეს მათ ათავისუფლებს, მან არ იცის, რა საგანძურს ტოვებს გარეთ. იცის, რომ ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომ გააპროტესტეს, რომ არ ეშინოდათ და ჰგონიათ, რომ ასეთი ადამიანები არ სჭირდებათ და ამ ადამიანების ეშინიათ. ეშინოდეთ, მაგრამ ეს ადამიანები არიან და იქნებიან თავისუფალნი და ხვალ შეიქმნიან ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ღირსეულ საჯარო სამსახურს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი მედიის მნიშვნელობასაც. მისი შეფასებით, ამის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი არჩევნებისა და საზოგადოების უზრუნველყოფა.

„უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება. ინფორმაცია და თავისუფალი ინფორმაცია არის დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილი, ამიტომ ეს ჩვენი ყველას ვალდებულებაა და მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, რაც გაგიკეთებიათ და რასაც გააკეთებთ კიდევ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიას პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კონსტიტუციური ორგანოები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წლევანდელ ღონისძიებას არ დასწრებია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები