მრავალი წლის შემდეგ, დღეს პირველად, საქართველოს მოქალაქეები თბილისის მთავარი მდინარის გასწვრივ, გრძელ და რამდენიმე რიგად გამწკრივდნენ, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს, ერთ ძლიერ ჯაჭვად შეიკრნენ და მთელ სამყაროს უჩვენეს ერთიანობის, სიმტკიცის და სიყვარულის ძალა.
ასეთი ჯაჭვი გაიბა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. საქართველოს მოქალაქეების ასეთი ჯაჭვი შეიკრა მსოფლიოს ბევრ ქალაქშიც…
ძნელი სათქმელია სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა ეს ჯაჭვი, რადგან ეს ერთობა მოიცავდა ხიდებს, ქუჩებს, საავტომობილო თუ საფეხმავლო გზებს… ზღვის სანაპიროებსა თუ თოვლიან მწვერვალებს…
საქართველოს მოქალაქეებმა დღეს, ხელიხელჩაკიდებულებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათი მომავალი ევროპაა, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაა და რომ ამ გზიდან გადახვევა დანაშაულია ერთმანეთის მიმართ, თაობების მიმართ, ქვეყნის მომავლის მიმართ… ერთობის ჯაჭვში ყველა თაობას ნახავდით – ყველა ასაკის, ყველა პროფესიის წარმომადგენელს…
ერთობის ჯაჭვი შეიკრა და ბოლოს კვლავ, რუსთაველის გამზირზე აქციით გაგრძელდა. მოქალაქეები ახლა ისევ რუსთაველზე დგანან, ისევე როგორც ბოლო 30 დღის განმავლობაში.
