მთავარისაქართველოსაპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. ცეკო-ს ცნობითვე, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

ცესკოს ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში.

მაგალითად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ისინი, ვინც სხვებს მოუწოდებდნენ გაფიცვისკენ, ახლა თავად იღებენ დაფინანსებას – როგორც ის ამბობს, გაყალბებული ციფრების საფუძველზე.

ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ პარტიების დაფინანსებაზე დაწყებული საუბრები, მათივე თქმით, „ქართული ოცნების” ნარატივის გამეორება და მათ სცენარში მონაწილეობაა“. მაგალითად, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე მათი განცხადებები დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, იქამდე ამ თანხას საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულებისა და სხვათა მხარდაჭერას მოახმარენ.

მის ამ განცხადებას იზიარებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“, თინა ბოკუჩავა. ის ეგზისტენციალურად გადამწყვეტ მომენტში ოპოზიციის ერთიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მეტ დეტალზე არ ისაუბრებს.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აცხადებს, რომ როცა პარტიები იღებენ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას.

ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend