საჯარო სექტორიდან ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება ტერორის ერთ-ერთი ფორმაა – აცხადებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე.
საიას ოფისში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე, მან თქვა, რომ დიდი საფრთხეა საჯარო სამსახური მთლიანად დაიმორჩილოს პოლიტიკურმა გავლენამ, ამ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“, რაც მისივე შეფასებით მორიგი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი იქნება.
„ეს არის ტერორის ერთ-ერთი ფორმა. ამასთან დაკავშირებით ანგარიშში არის საუბარი, როდესაც არა მარტო კანონმდებლობა გაუარესდა, არამედ, ეს მუქარები, საჯაროდ გაცხადებული პოზიციები, მათ შორის, კალაძის, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, რომ მოხდება საჯარო სამსახურის წმენდა, მიანიშნებდა იმას, რომ რეპრესიები დაიწყებოდა საჯარო სამსახურებში და დაიწყო კიდეც. ამის გამოვლინება იყო პირველი ის, რომ საკანონმდებლო ბაზა ამისთვის მომზადდა. იგულისხმება რეორგანიზაციის გამარტივება. ასევე, იგულისხმება ის, რომ შუალედური რგოლის მოხელეები აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად და მათზე ვრცელდება სხვა რეგულაციები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების პრაქტიკა. ჯერ არ არის ეს ცვლილებები ამოქმედებული, თუმცა სამომავლოდ, როცა ამოქმედდება, ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ საჯარო სამსახური მთლიანად დაიმორჩილოს პოლიტიკურმა გავლენამ, ამ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ და შეეცადოს, რომ იქ ჩაახშოს ყველანაირი კრიტიკული და განსხვავებული აზრი. ეს არის ამისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პრაქტიკაშიც უკვე აისახა არა ამ კანონის ამოქმედებით, არამედ, არსებული კანონების გამოყენებით, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებით“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
ალეკო გვეტაძე
