აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„შეერთებული შტატები აღნიშნავს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების”, დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილი რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევასა და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები საქართველოში. გარდა ამისა, მათ შეაფერხეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომლის მიღწევასაც საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს. შედეგად, საქართველო დაუცველი გახდა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ენტონი ბლინკენი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ აშშ კატეგორიულად გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმდინარე, ძალადობრივ რეპრესიებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულებას საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
„14024-ე აღმასრულებელი ბრძანების 1(a)(ii)(C) პუნქტის შესაბამისად, აღიარებულია ივანიშვილის პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის სახელით, აშშ-ში ან მის ფარგლებს გარეთ, დემოკრატიული პროცესების თუ ინსტიტუტებისთვის, უშუალოდ ან ირიბად, ძირის გამოთხრის მცდელობაში”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
