საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები 30-ე დღეა, გრძელდება. მოქალაქეები თბილისის სხვადასხვა ადგილზე იკრიბებიან და დემონსტრაციებს მართავენ.
27 დეკემბერს მორიგი მარში გამართეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულებმა. ისინი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საქართველოს პარლამენტის შენობამდე მივიდნენ.
მოქალაქეთა მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ასევე დემონსტრანტებს დაუშვებლად მიაჩნიათ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. მათი შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ევროატლანტიკურ გზაზე შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ავალდებულებს, უხეშადაა დარღვეული.
