რესპუბლიკის მოედანზე დღეს ველოსიპედისტები და ორბორბლიანი ეკომეგობრული ტრანსპორტის მძღოლები შეიკრიბნენ.
მათი თავშეყრის ადგილი გახლდათ სიმბოლურად ველოსიპედის ძეგლი, საიდანაც თბილისის სხვადასხვა ქუჩისკენ საპროტესტო მსვლელობით დაიძრნენ.
ისინი უერთდებიან საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, უკვე 30-ე დღეა მიმდინარეობს.
„ახლა რა ვითარებაც არის ჩვენს ქვეყანაში, ამას გამოხმაურების გარეშე ვერ დავტოვებდით. უკვე მე-4 საპროტესტო მსვლელობაა, რომელსაც ვმართავთ. გვინდა, რომ ჩვენი წილი ხმა გავაგონოთ მთავრობას. როგორც იცით, უკვე მოქალაქეთა ძალიან ბევრმა ჯგუფმა გამოთქვა საკუთარი აზრი. ჩვენი აზრიც გვინდა მკაფიოდ იყოს გამოხატული – ადამიანების უფლებების დარღვევას ვერ შევეგუებით და ვერ მივიღებთ”, – ამბობს მარ მიხელიძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
