„სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ საპროტესტო აქციების მონაწილე ქალების მიმართ სამართალდამცავი უწყებების ძალადობისა და პოლიციელების მიერ მიცემული ცრუ ჩვენებების თაობაზე ბრიფინგი გაიმართა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, 28 ნოემბრის შემდეგ მათ ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების შესახებ შევიდა შეტყობინება, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო დაკავებული ან დაზარალებული ქალების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ აქციაზე დაკავებულმა არაერთმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა დაკავებისას და დაკავების შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების მუქარის ფაქტებზე.
„ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდა, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით;
გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისათვის ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალურ მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა მათ სიტყვებს;
აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს;
ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები და ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით;
აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, საჯაროდ განაცხადა, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა თითქოსდა განრიდების მიზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს.
დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს თქვენს ღირსებას, მიმართულია თქვენი სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროებისკენ. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
ბრიფინგზე განაცხადეს ისიც, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამოყენებას ცრუ ჩვენებების მისაცემად.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ბრიფინგს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება და ჩამოთვლა, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში. განსაკუთრებით პოლიციელების, რომლებიც ცრუ მოწმეები არიან და ამ სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში ოთხი ადამიანის დასახელება გადავწყვიტეთ, ერთი არის თეკლა ჯავახაძე, რომელიც ჩართული არის მაია გოგიძის საქმეში. ასევე ცოტნე მესხიშვილი – ჩართული მაია გოგიძის საქმეში. ლაშა ბერაძე, შსს-ს თანამშრომელი, რომელიც ჩართულია ალექსანდრე დემიანენკოს საქმეში და ნუგზარ ტურაშვილი, რომელიც ჩართულია ირაკლი ფიფიას საქმეში. ყველა ეს ადამიანი ცრუ მოწმეა და იტყუება სასამართლოს პროცესების დროს“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
