საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებებზე თქვა, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი გარკვეულმა ძალებმა სპეციალურად გააქტიურეს საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის. ტრამპის ადმინისტრაციისგან კი შემხვედრ ნაბიჯებს ელიან.
“იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე – ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაწვდილი და ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას”, – განაცხადა პრემიერმა.
მანვე ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე და თქვა, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს შელახულ რეპუტაციას აღუდგენს.
ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილზე თქვა, რომ იმედი აქვს სახელმწიფოს მისი სასახლიდან ძალით გამოყვანა და დაპატიმრება არ მოუწევს.
“ძალიან ცუდი სურათი იქნება ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი. ეს შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი.
მგონია, რომ ამ შემთხვევაში, მაინც გონივრულად იმოქმედებს ის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება,ეს არ არის პარტიული ოფისი ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, შესაბამისად, იქ, იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არამარტო უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის,რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია,რომ პირველ რიგში, ის საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 100-150 ადამიანს,რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ასეთი არაგონივრული სცენარის გათამაშებას არ ველოდები.
სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამისი პირების გაფრთხილება არის ჩვენი მოვალეობა. ეს არის არამარტო ჩვენი უფლება, არამედ ეს არის ჩვენი მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ”, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალიდან სამის მიერ, პარტიული დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სინამდვილეში ამ პარტიებს არჩევნების შედეგი მიღებული აქვთ და მიმდინარე პროცესები ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლისთვის წარმართეს.
„4-დან სამმა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ მიიღო დაფინანსება და არჩევნების შედეგები აღიარეს. მანამდე შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ მიიღო ცესკოში თანამდებობა, აქაც აღიარეს არჩევნების შედეგები. რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნებულია, უბრალოდ მათ პატრონების დავალებით გარკვეული თამაში დაიწყეს, ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლა უნდა ეცადათ, თუმცა ესეც ჩაუვარდათ, ახლა განსხვავებული პროცესი წარიმართება. თებერვალში, როდესაც მომდევნო საპარლამენტო სესია გაიხსნება შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში”, – აღნიშნა მან.
ალეკო გვეტაძე
