მთავარისაქართველოშალვა პაპუაშვილმა 29 დეკემბრის ინაუგურაციასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილმა 29 დეკემბრის ინაუგურაციასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა. მან მედიის კითხვებს უპასუხა. საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადებისას, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა 29 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ხმოსნების მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება.

კანონმდებელმა ასევე ისაუბრა მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ბოლოდროინდელ შეხვედრებზე ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების წარმომადგენლებთან. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მე-11 მოწვევის პარლამენტის დათხოვნის საკითხთან დაკავშირებით საუბარი არასერიოზულია.

„ეს უკვე სასაცილო თემად არის ქცეული. არ ვიცი, საზოგადოებას გვექნება თუ არა იმისი შესაძლებლობა, რომ პირველად ვნახოთ ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ „ვიღაც თავის სკამს ჩაებღაუჭა“. თუ პირდაპირი გაგებით ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან გარდა დაცინვისა, არაფერი მოჰყვება. მაგრამ მე არ მგონია, რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ან ქალბატონი სალომე, ან მისი მრჩეველი.

ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სახელმწიფოს წინ რადიკალური ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან. ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, დროს დავკარგავთ. ფაქტი სახეზეა – 29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი აღმოიფხვრას, რაც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს და ამ ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არდათოხვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იმავე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში. ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend