მთავარისაქართველოცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს ეხმიანება

ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს ეხმიანება

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს.

ცესკოს თანახმად, განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას.

საარჩევნო ადმინისტრაციის მტკიცებით, მიუხედავად კენჭისყრის პროცესში გარკვეული შენიშვნების, ხარვეზებისა თუ წუხილების არსებობისა, არ არსებობს შესაბამისი დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ მსგავსმა დარღვევებმა გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე, რაც ცესკოს შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნაშიცაა დაფიქსირებული.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ცდილობს არჩევნებისა და, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას. გვინდა საზოგადოებას ამასთანავე შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად მიმართა უფლებამოსილ უწყებას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული პრეტენზიების ობიექტურად შესაფასებლად. რამდენადაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, ამ დრომდე არავის წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე არსებითი ან კონკრეტული მტკიცებულებები“, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პრეზიდენტსა და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც მსგავს ბრალდებებს აყენებს, წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცეულებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ან თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისგან.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:56

დაკარგული ანგელოზები

spot_imgspot_img
Send this to a friend