მთავარისაქართველოთბილისის მერმა საკრებულოს მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში ოპოზიციის დასწრების გარეშე წარუდგინა

თბილისის მერმა საკრებულოს მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში ოპოზიციის დასწრების გარეშე წარუდგინა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა მერიის საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელსაც ბოიკოტის ნიშნად საკრებულოს ოპოზიცია არ დაესწრო.

კახა კალაძემ საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ დაიწყო და თქვა, რომ ეს ვითარება გარე და შიდა მტრული ძალების ორგანიზებულია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” კვლავ ევროპულ გზაზეა და ახლა ევროკავშირზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ისეთ საქართველოს, როგორიც არის.

„ცხადია, არ დავუშვებთ არეულობას, ომს, ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება, კარგად უნდა შეიგნონ ეს როგორც ქვეყნის შიგნით ამ წვრილფეხა რადიკალებმა, ასევე ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმა. მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია. „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომელმაც ყველაზე მეტად დაგვაახლოვა ევროპასთან. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდს. ცხადია, გვინდა ევროპა. ეს არავის აძლევს უფლებას ამ მიზნის ვიწრო პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას, რომლის მეშვეობით ჩვენს გაბითურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებივით.

დღეს მათ შეუძლიათ თავისუფლად გახსნან მოლაპარაკებები, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. თუმცა ამ თემით მუდმივი შანტაჟი და მანიპულაციები მიუღებელია“, – აღნიშნა კალაძემ.

ამ განცხადებების შემდეგ კახა კალაძემ მერიის პროექტებსა და საქმიანობაზე ისაუბრა.

თბილისის მერიის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს.

ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში დამტკიცდა.

საკრებულოს სხდომის პარალელურად განცხადებები გააკეთეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და კახა კალაძეს თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი უწოდეს.

„დღეს თბილისის საკრებულოში ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი კახი კალაძე წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს. ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და საკრებულოში ჩვენი ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას ამ ფარსში.

ამ წლის განმავლობაში იპოდრომი გაასხვისეს, მწვანე შუქი აუნთეს იქ ურბანულ გენოციდს, ასევე მწვანე შუქი აუნთეს ლაგუნა ვერეს ადგილას უმძიმეს დანაშაულს და უამრავ დანაშაულს მთელი ქალაქის მასშტაბით. ეს არის კორუფცია, დანაშაულებრივი გულგრილობა და ხელისუფლების მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური გამდიდრებისათვის გამოყენება. ეს არის ის, რითაც თბილისელები დაზიანდნენ ამ წლის განმავლობაში კახა კალაძისა და თბილისის მერიისგან. შესაბამისად, ის კითხვები, რომლებიც არსებობს, აუცილებლად დაისმება საგამოძიებო ორგანოების მიერ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება. იმისათვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ გაგრძელდეს ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა და პროტესტი. ამიტომაც, უკლებლივ ყველანი უნდა შევხვდეთ ისევ რუსთაველზე დღეს, ხვალ და იმდენი ხანი, რამდენიც იქნება საჭირო!“ – განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა პარტია „ლელოდან”, საბა ბუაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:56

დაკარგული ანგელოზები

spot_imgspot_img
Send this to a friend