მთავარისაქართველოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბიზნესსექტორს შორის შეხვედრა გაიმართა. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა.

მთავრობის მხრიდან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ. ბიზნესსექტორის მხრიდან კი მთავრობის ადმინისტრაციაში სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის როგორც „თავისუფალი ბიზნესის“ პეტიციის ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლები, ისე განსხვავებული შეხედულებების მქონე ბიზნესმენები, ვისაც არ მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო კურსი შეიცვალა.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი“.

ხუთსაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესმენთა ნაწილმა მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა. ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა „ცალკეული ჯგუფების მიერაა მართული“. პოლიტიკური კრიზისის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ბიზნესსექტორი მიესალმება სამომავლოდ, ვითარების დეესკალაციამდე ხელისუფლებასთან დიალოგი გაგრძელდეს.

„ყველა ვთანხმდებით იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც არის სტაბილურობა საქართველოში და ეკონომიკური აღმავლობა. ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც ამ მიზნის მიღწევის საშუალებას, ალტერნატივა არ აქვს – ამაზე ჩამოვყალიბდით ყველანი აბსოლუტურად. როგორ მივაღწევთ ჩვენ ამ მიზანს და როგორ ვივლით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ეს უკვე აზრთა სხვადასხვაობის საგანია, საბოლოო მიზანი ერთია. ქვეყანაში ტემპერატურა არის საკმაოდ აწეული. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და რასაც თქვენ ხედავთ ქუჩაში, იმავეს ვხედავთ ჩვენც კომპანიებში, ამიტომ, საჭიროა ამ ტემპერატურის დაწევა და ამ ტემპერატურის დაწევის ყველაზე კარგი საშუალებაა დიალოგი. ეს პოლარიზაცია რაღაცნაირად უნდა შემცირდეს საზოგადოებაში და იმისათვის, რომ შემცირდეს, ხალხმა ერთმანეთთან უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი ბურდილაძემ.

„პირველ რიგში მინდა ყველას ვუთხრა, რომ დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ. 12 წელია ქვეყანა სწორად მიდის. გადახვევა არ ყოფილა, პრეტენზია არავის ჰქონია, ბიზნესის არცერთ წარმომადგენელს, რომ 12 წლის განმავლობაში ყოფილიყოს რამე აცდენა, ან ევროპული გზისკენ არ მივდიოდეთ, მსგავსი რამ არ ყოფილა. მე-12 წელს ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის მხრიდან მათ აღქმაში დადგა ვითარება, რომ უცბად გადავუხვიეთ კურსს. ეს ყველაფერი არის პოლიტიზებული, სცენარია დაწერილი ჩვენს ფარგლებს გარეთ და ამ სცენარით მიდის მოქმედება“, – განაცხადა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ.

თბილისისა და ბათუმი საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან საუბარი ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა. მისივე განმარტებით, ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს დაკავებულთა გათავისუფლებას ახალ წლამდე დაჰპირდა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გულწრფელად გეუბნებით, პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამ ტიპის შეხვედრები ბიზნესსა და სხვებთანაც გაგრძელდება. ნამდვილად გეუბნებით, რომ აუცილებელი და საინტერესო შეხვედრა იყო. პრემიერმა თქვა, რომ პატიმრები ახალ წლამდე გათავისუფლდებიანო“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ბიზნესსექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმება შედგა იმაზე, რომ ბიზნესსექტორსა და პრემიერ-მინისტრს შორის, შესაძლოა, საჯარო დისკუსია გაიმართოს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარი ხელახალ არჩევნებზე არ ყოფილა, რადგან მისი შეფასებით, მთავრობის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით „კითხვის ნიშნები არ არსებობს“.

„რაც შეეხება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხს, იცით, რომ დღეს, რა საკითხებიც აქტუალურია ჩვენ საზოგადოებაში, ყველა საკითხს შეეხო დღევანდელი შეხვედრა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ერთ-ერთი საკითხი იყო შესაძლებლობა არჩევნების ხელახლა ჩატარების, თუ არჩატარების. იცით, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეულმა ჯგუფებმა ამასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, მოძრაობა წამოიწყეს არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, რასაც ვფიქრობ, რომ გააზრებული პოზიცია, ალბათ, არ გააჩნია, გააზრებული საფუძველი ამაში არ არის. აქ, ძალიან მკაფიოდ განიმარტა პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც, რომ ჩვენ ვეყრდნობით ობიექტურ შეფასებებს და ობიექტურად უნდა შევაფასოთ, მათ შორის ჩვენი რეალობა. იცით, რომ ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების ჩატარების ხარისხს ამოწმებს და ადასტურებს, ეს არის ეუთო/ოდირის მისია, რომელმაც საბოლოო დასკვნა წარმოადგინა. საზოგადოებისთვის მათი წინასწარი შეფასებები დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომელმაც ვფიქრობ, ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომელმაც აღწერა პროცესი, მაგრამ უმთავრესი რამ, რაც უნდა იყოს არჩევნების ლეგიტიმაციის საფუძველი, ვფიქრობ, ამ დასკვნაში მკაფიოდ არის წარმოდგენილი, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და არავის შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

ბიზნესსექტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრები მომდევნო დღეებშიცაა დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატით გაიმართება დისკუსია.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend