„ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ეუთო/ოდირის დასკვნა არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. მისივე თქმით, იმავე ორგანიზაციის დასკვნა აშშ-ის არჩევნების შესახებ გაცილებით კრიტიკულია.
„რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენ არც ვფიქრობთ, წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის. იმიტომ არა, რომ მე ირონიას გამოვხატავ. არ შეიძლება სერიოზული ლაპარაკი ამ თემაზე.
ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ გაცილებით მძიმე დასკვნები გვინახავს. ამ შემთხვევაში, საერთოდ არ შეხებიან ისინი ისეთ საკითხებს, რომლებზეც ჩვენი ოპოზიცია სპეკულირებდა. არათუ 300 ათასი, 300 გაყალბებული ხმის შესახებაც იქ არაფერი იყო ნათქვამი. უამრავი პუნქტი იყო ემიგრანტებთან დაკავშირებით, უცხოეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ასეთი [ხმების გაყალბებაზე] კითხვის ნიშნები დასკვნაში არ გახმოვანებულა. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ იგივეა, ოდნავ ვრცელი სახით.
პირველ შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის კარგი. ასეთი არათანმიმდევრულობა უკვე ღიად, მტკიცებულების სახით წარმოაჩენს, რომ ისინი [ოპოზიცია] უბრალოდ იმას კი არ დაეძებენ, რაც წერია, როგორც გააპიარებენ, იმაზე აქვთ გადატანილი აქცენტი. რა თქმა უნდა, ეს სპეკულაციაც არ გავა“, – განაცხადა მდინარაძემ.