მთავარისაქართველო„ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას სალომე ზურაბიშვილი, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ..." - ირაკლი...

„ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას სალომე ზურაბიშვილი, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ…” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მათი იდეები რადიკალურია და განზრახვა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეუსაბამოა რეალობასთან.

„ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში. ასევე კიდევ უფრო დაუმძიმდა ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს. ამ ისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა მასსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის, მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლებს შორის. გვეუბნებიან, რომ მათ სერიოზული მსჯელობა ჰქონდათ არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. რეალურად ოპოზიციური სპექტრი და „ენჯეოები“ სწორედ იმ განზრახვით შეკრიბა, რომ მას გუშინ საპარლამენტო არჩევნები უნდა დაენიშნა. მიზანი ცხადი იყო – აჟიოტაჟის შექმნა. შედგა პრეზიდენტის ბრიფინგი, თუმცა საბოლოოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ინიციატივა არ გაჟღერდა. ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა მუქარისნარევი რიტორიკული შეკითხვაც დასვა სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით და ახსენა მისი შესაძლო დაპატიმრება.

„ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე ზურაბიშვილს. ამ ერთი კვირის განმავლობაში ვერაფერს გააკეთებს. მართალია, ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ არ მოხდება. Deep state საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. 29-ში მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“,- აღნიშნა პრემიერმა.

მან თბილისის ქუჩებში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მცირე შეკრება უწოდა და თქვა, რომ ქუჩაში ცოტა ხალხი გამოდის. ტრადიციულად ისაუბრა ე.წ. გლობალურ ომისა პარტიასა და ჰიპოთეზურ deep state-ზე, იმავე ჩრდილოვან მმართველობაზე და აღნიშნა რომ იმედი აქვს, პრეზიდენტი ტრამპი ამ გავლენებს დაასრულებს.

„მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია, აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება deep state-ისგან, ყველანაირი ნარჩენისგან. თუ ამას გააკეთებს, ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება დადებითად საქართველოს ინტერესებზე და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის. მთავარია ის, თუ რას გააკეთებს დონალდ ტრამპი და არა ის, თუ რას გააკეთებს რომელიმე კონკრეტული სხვა პოლიტიკოსი”, – განაცხადა მან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend