საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ბრიფინგის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთეს.
თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ქართველი ხალხის მოთხოვნას – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები – ლეგიტიმაციას აძლევს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხვალინდელი დღე, 22 დეკემბერი, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სალომე ზურაბიშვილის მიმართვის მოსასმენად პარლამენტის წინ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს.
„ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა ახალი არჩევნების შესახებ არის სრულიად გამართლებული, რადგანაც ამ დასკვნამ დააყენა ლეგიტიმურობის საკითხი და ამით წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომლებსაც ვისმენდით „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნებსა და კონკრეტულად, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. ამ დასკვნამ ძალიან ცხადად წარმოაჩინა, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. შესაბამისად, მისი შედეგები არის არალეგიტიმური და ამიტომ უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ამ დასკვნის დადების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, რომ გადავიდეთ ახალ ფაზაში არჩევნების დასანიშნად”, – ამბობს თინა ბოკუჩავა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
„უპირველეს ყოვლისა, მან თქვა, რომ მზად არის შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რათა ისინი შეთანხმდნენ ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე. აგრეთვე, ის აპირებს გაესაუბროს მსოფლიო ლიდერებს, რომ ისინი ჩაერთონ და ზეწოლა მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, ჩანიშნოს ახალი არჩევნები. პლუს, რა თქმა უნდა, საჭიროა უწყვეტი პროტესტი ქუჩაში. ხვალ იქნება მნიშვნელოვანი დღე, რადგანაც პრეზიდენტი აპირებს მოვიდეს საღამოს ცხრა საათზე და გაესაუბროს მომიტინგეებს. ამიტომ ხვალ ქუჩაში უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი“, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ხვალ, 22 დეკემბერს 21:00 საათზე, პარლამენტის წინ ხალხს მიმართავს.