მთავარისაქართველოპრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

„შევხვდი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას. ისინი ცოტა გაუგებრობაში არიან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ხმა ამოიღოს მაშინ, როცა მის წევრ ქვეყანაში ხალხზე ძალადობენ და მათ უფლებებს არღვევენ.

„შევხვდი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას. მათ კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია. მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი მხოლოდ ერთ რამეზე – დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები და დაიცვას ადამიანების თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს, როცა მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში: ძალადობა ხალხის მიმართ, უფლებების შეზღუდვა. ამის გაპროტესტება და ამისი დაგმობა, ალბათ, ასეთი ორგანიზაციის პირველი მოვალეობაა.

მე ეს ძალიან ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას, მათი არც მანდატი, არც უფლება და არც მოვალეობა არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ  განიხილონ რუსული კანონი. რა რუსული კანონი, ვის აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არ შეცვლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა სტრასბურგში ვიზიტისა და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის თაობაზეც. ვიზიტის შეჯამებისას მან განაცხადა, რომ ყველას აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მშვიდობიან ბრძოლაში.

„ყველას ესმის, რომ თუ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და ხალხს არ მიეცემა საშუალება, საკუთარი მომავალი და ხმა დაიბრუნოს, ეს ვითარება ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში, ჩიხში შევალთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend