ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მირზა კეზევაძის სანქცირებისა და გლობალური „მაგნიტსკის“ სიაში მოხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის, სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში იყვნენ ჩართული. განცხადებაში საუბარია სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე მუნიციპალური ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე მიცემის უფლების შესაზღუდად ბოროტად იყენებდნენ.
„დღევანდელი ქმედებით გრძელდება წინა კვირას გამოცხადებული სავიზო შეზღუდვები, ფართოვდება აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სექტემბერში დაწესებული სანქციები, რომელიც თანხვედრაშია დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ და ბოლო დღეებში ევროპული ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებთან.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართველი მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ განგრძობით, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მტკიცედ ვართ განწყობილი, დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ძირს უთხრიან ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს“, – წერია განცხადებაში.