„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ვირუსებზე, გრიპსა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე.
მისი განცხადებით, გრიპის შემთხვევების მატება შეიმჩნევა და მოსალოდნელია, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება, პიკს კი დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ თუ წინა კვირებში ძირითადად, „ა“ ტიპის ვირუსი იყო გავრცელებული, ახლა გამოჩნდა „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი. მან ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში უმეტესად გავრცელებულია H1N1 ტიპის ვირუსი, რომელიც „ღორის გრიპის“ სახელითაა ცნობილი.
“44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვრის თვე იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სტატისტიკური მაჩვენებლები ამ შემთხვევაში ექვემდებარება ანალიზს. თუ წინა კვირებში ძირითადად A ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა B ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის B ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი “ღორის გრიპი”,- განაცხადა, ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძის თქმით, ახლა იაშვილის კლინიკაში ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით, ხოლო მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია.
“შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“,- აცხადებს, ივანე ჩხაიძე.