„საქართველოსა და მოლდოვის ხალხები ევროპულ მომავალს ითხოვენ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროპამ მათ ქმედებებით უპასუხოს“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დესტაბილიზაციას ცდილობს, რასაც ევროკავშირმა ქმედითი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს. მისი შეფასებით, როცა საქმე ევროკავშირის სამეზობლოს ეხება, ბლოკმა ჩართულობა უნდა გააძლიეროს.
„რუსეთი აგრძელებს ჩარევას მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციისთვის. ჩვენი პასუხი გაბედული უნდა იყოს. გაფართოება, როგორც ეს გუშინ ეს დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე განვიხილეთ, მხოლოდ მისწრაფება არ არის. იგი ფაქტობრივად გეოპოლიტიკური აუცილებლობაა და ეს არა მხოლოდ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნეს. ამას ხაზი გაუსვეს ჩვენმა პარტნიორებმა დასავლეთ ბალკანეთიდანაც. საბოლოოდ, დაყოვნება ქმნის სივრცეს სხვებისთვის, რომ შეარყიონ ევროპის გავლენა და ღირებულებები, ისევე, როგორც ჩვენი კონტინენტის სანდოობა მსოფლიოში. რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას, ამ ქვეყნების მოსახლეობა ევროპულ მომავალს ითხოვს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ევროპამ მათ ქმედებებით უპასუხოს”, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.