საქართველოში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ 28 ნოემბერს დაწყებული დემონსტრაციებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ დაკავებულებს. აქციის მონაწილეების სპეცრაზმის კორდონში შეყვანის შემდეგ სამართალდამცველები კვლავ განაგრძობდნენ ფიზიკურ ძალადობას.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ სპეცრაზმი ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის მისამართით ისროდა მხუთავი „გაზის კაფსულებს“, რაც შეუძლებელს ხდიდა სუნთქვას, ხედვას, იწვევდა პანიკასა და ქმნიდა ჭყლეტისა და ქაოსის რეალურ საფრთხეს. მათივე განმარტებით, იყო შემთხვევები, როცა ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა.
„დაკავების პროცესში სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა დაკავებულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შეჰყავდათ სპეცრაზმის კორდონში, სამართალდამცველები კვლავ განაგრძობდნენ ფიზიკურ ძალადობას და შემდეგ მიჰყავდათ დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში, ე.წ. მინივენებში, სადაც შიდა სივრცე ისე იყო მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო. მათთან პერიოდულად, მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მყოფ დაკავებულებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს ეტყობოდათ წამებისა და ფიზიკური ძალადობის აშკარა კვალი, მათ არ უწევდნენ დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში არ გადაჰყავდათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
19 დეკემბრის 10:00 საათის მონაცემებით, გამოძიებას არცერთი სამართალდამცველი არ დაუკავებია უფლებამოსილების გადამეტების ან ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ჯერ ისევ არ ამბობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რამდენი პირის მიმართ არის აღძრული საქმე, ან უგრძელდებათ თუ არა უფლებამოსილება იმ პირებს, რომლებიც დემონსტრანტების მიმართ ძალადობაში არიან ბრალდებული.