მთავარისაქართველორეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8% დარჩა

რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8% დარჩა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, 8%-ის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ინფლაციის ზღვარის სტაბილური მაჩვენებლით, რომელიც წლიურად, სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს არ აღემატება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 29 იანვარს გაიმართება.

„ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით კვლავ დაბალ დონეზე ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ნოემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება მეტწილად თანმიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასი, რომელიც შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინს, დაბალი ტემპით იზრდება – წლიურმა ცვლილებამ ნოემბერში 1.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერია. წინასწარი მონაცემებით, პირველი ათი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტია. თუმცა ძლიერი მოთხოვნის პარალელურად სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე, მიმდინარე შეფასებით 7 პროცენტამდე, შემცირებას განაგრძობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო”, – წერია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend