თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საახალწლო ღონისძიებების შესახებ საუბრის შემდეგ საქართველოსა და დასავლეთს შორის გაუარესებული ურთიერთობის საკითხზე გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, ხელისუფლებაში არ მოსწონთ ის ურთიერთობები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის. თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, დასავლეთსა და აშშ-სთან ურთიერთობები გააჯანსაღონ, თუმცა მთავარია, ეს ორმხრივი იყოს.
„შეიძლება, ვიღაცა ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველ რიგში, გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. ჩვენთვის უპირველესი, მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვაა. ყველა ხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, ბევრი რამ შეიცვლება, გადალაგდება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველო გააგრძელებს განვითარებას, წინსვლას.
ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ პროცესები დაჩქარდეს. რაიმე წარმატება თუ გვაქვს მიღწეული ამ გზაზე, ეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა. ზუსტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ყოველგვარი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ შანტაჟი, მუდმივი მუქარა, შეურაცხყოფების მიყენება, მეორე ფრონტისა და სანქციებზე მიერთების მოთხოვნა – ეს ის თემებია, რომლებიც პირდაპირ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.