თბილისში საპროტესტო გამოსვლების მე-20 დღე მიმდინარეობს. მოქალაქეები ისევ მოითხოვენ აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტთან სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ. საპროტესტო მსვლელობაში ცნობილი მზარეულები, აქტივისტები, სტუდენტები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
რუსთაველის გამზირზე მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
„ახლა რაც საქართველოში ხდება, ეს არის სირცხვილი. აქ ვდგავართ ხალხი, ვისაც სირცხვილის ჭამას გემრიელად ჭამა გვირჩევნია. აქ ვინც ვართ, არაფრით ვართ გამორჩეული იმ ხალხისგან, ვინც ყოველდღე აქ დგას, ყოველდღე ჩვენც აქ ვდგავართ. უბრალოდ პროფესიული ნიშნით გამოვეყავით, რომ ჩვენ როგორც ამ პროფესიებისა და საქმის წარმომადგენლები, ცალკეულადაც, ჩვენ საქმეშიც ვგრძნობთ იმ კრახს, რაც საქართველოში ხდება”, – განაცხადა არჩილ ზამბახიძემ, აქციის მონაწილემ.