მთავარიაზიასირიასირიის გარდამავალი მთავრობა მზად არის აშშ-სა და ევროპასთან თანამშრომლობისთვის

სირიის გარდამავალი მთავრობა მზად არის აშშ-სა და ევროპასთან თანამშრომლობისთვის

სირიაში ასადის რეჟიმის დასრულების შემდეგ მოქალაქეები თავიანთი შეხედულებების შესახებ და შიშზე ღიად საუბრობენ. მათთვის ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია. მათ არ იციან, როგორი იქნება ახალი მთავრობის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, იქნება თუ არა დაცული უმცირესობათა უფლებები და სხვა.

ყურადღების ცენტრში ახლა ის რუსული ბაზებია, რომლებიც ჯერ კიდევ სირიის ტერიტორიაზეა განლაგებული. სირიელთა ნაწილი თვლის, რომ ბაშარ ალ-ასადის გაქცევის შემდეგ რუსული ბაზების ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობა აღარ არის საჭირო და რომ ის სირიაში მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

Leo Correa/Copyright 2024 The AP. All rights reserved.

„ვფიქრობ, რუსეთმა უნდა გადახედოს სირიის ტერიტორიაზე ყოფნის საჭიროებას, ისევე, როგორც თავის ინტერესებს რეგიონში. მათი ინტერესები ასადის კრიმინალურ რეჟიმთან იყო დაკავშირებული. მათ პოზიციების შეცვლა და ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია შეუძლიათ, რითაც აჩვენებენ, რომ არ მტრობენ სირიელ ხალხს და რომ ასადის რეჟიმი სამუდამოდ დასრულდა“, – ამბობს ობეიდა არნაუტი, სირიის გარდამავალი მთავრობის პოლიტიკური დეპარტამენტის პრესსპიკერი.

ბაშარ ალ-ასადის რუსეთში გაქცევას სირიელთა უდიდესი ნაწილი სიხარულით შეხვდა, თუმცა მათი თქმით, ასადმა სირია ბევრად უფრო ადრე მიატოვა. თავად ასადის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ მას სირიის დატოვება დაგეგმილი სულაც არ ჰქონდა, რისიც სირიელებს არ სჯერათ.

„როგორც ჩანს, მას თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა, საკუთარი ცოლ-შვილი რუსეთში გაეგზავნა იმ შემთხვევაში, თუ სირიელები და არმია მას მიატოვებდნენ. ეს აშკარაა“, – ამბობს მუჰამედ ალ-ჰარირი, სირიის მოქალაქე.

„ამბობენ, რომ თანამდებობა და ხალხი ახლა არ მიუტოვებია, მან ჩვენზე დიდი ხნის წინ თქვა უარი. მან ხალხი მაშინ მიატოვა, როცა აშიმშილებდა, აპატიმრებდა და ხოცავდა, მაშინ, როცა ასახლებდა და აობლებდა მათ. ამ ყველაფრის შემდეგ ამბობენ, რომ მას ხალხი არ მიუტოვებია? ვინც ჭკვიანია, ყველამ იცის, რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა“, – ამალ ალ-ხალდი, სირიის მოქალაქე.

„ძალაუფლებას ეჭიდება და ვნახოთ, სადამდე მიიყვანს მას. ჩვენგან გაქცევა სურს? ის ღმერთს მაინც ვერ გაექცევა“, – ამბობს მოათაზ ალ-აჰმედი, სირიის მოქალაქე.

სირიის გარდამავალი მთავრობა აშშ-სთან და ევროპასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ვაშინგტონთან კომუნიკაცია შედგა ტრევის ტიმერმანის, ასადის რეჟიმის პატიმრის, გადაცემასთან დაკავშირებით. დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ სირიაში რუსეთის გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდება.

„სახელმწიფოებთან უმაღლეს დონეზე გვაქვს პოლიტიკური კომუნიკაცია, რომელიც სარგებელს მოუტანს სირიელ ხალხსა და სირიის მოქმედ ადმინისტრაციას“, – ამბობს ობეიდა არნაუტი, სირიის გარდამავალი მთავრობის პოლიტიკური დეპარტამენტის პრესსპიკერი.

სირიის გარდამავალი მთავრობის პოლიტიკური დეპარტამენტის პრესსპიკერი – Omar Sanadiki/Copyright 2024 The AP

დასავლეთთან და განსაკუთრებით აშშ-სთან წარმატებული პარტნიორობისთვის მნიშვნელოვანია სირიელი ქურთების საკითხიც. ქურთები ამბობენ, რომ პროთურქული ძალების გამარჯვებას შესაძლოა მათი შევიწროება მოჰყვეს, თუმცა გარდამავალი მთავრობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სირიაში საზოგადოების ყოველ ჯგუფს სამართლიანად მოეპყრობიან.


„რაც შეეხება ქურთებს, ეს ხალხი სირიელების ნაწილია. გვსურს, ამ ჯგუფის უფლებები დაცული იყოს. სირიაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხი ძლიერების წყარო უნდა იყოს და არა სისუსტის. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ სირიის ტერიტორიის გაყოფასა და სეპარატისტულ მისწრაფებებს. არ დავუშვებთ, რომ სირიის ტერიტორიის რომელიმე ნაწილი დამასკოს მთავრობის კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს“, – ამბობს ობეიდა არნაუტი, სირიის გარდამავალი მთავრობის პოლიტიკური დეპარტამენტის პრესსპიკერი.

აშშ-სთან მოლაპარაკებისას სირიის გარდამავალმა მთავრობამ უარი თქვა რადიკალ ისლამისტებთან თანამშრომლობაზე. პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ მათ შელახეს ამბოხებულთა რეპუტაცია, თუმცა სირიაში ეს მებრძოლები უკვე აღარ არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend