აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ კრიტიკული შეფასებები კეთდება საქართველოს ხელისუფლების შესახებ.
ახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრის.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით და იმ ქმედებებით, რომელთა მეშვეობითაც „ქართული ოცნება“ დემოკრატიას ძირს უთხრის. თქვენ უკვე ნახეთ, რომ ჩვენ ამ პარასკევს ახალი სავიზო შეზღუდვები დავუწესეთ მთავრობასთან დაკავშირებულ 20 პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ აშშ სანქციების მომდევნო პაკეტსაც ამზადებს. მეთიუ მილერი ამბობს, რომ ამ სანქციების დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან უნდა დარწმუნდნენ, რომ სანქციები კანონთან სრულ შესაბამისობაშია.
„საკმაოდ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ვგულისხმობ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პ ჩემს განცხადებებს. ვამზადებთ სანქციების დამატებით პაკეტს, რომელსაც უახლოეს კვირებში დავაწესებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ კვირაშია შესაძლებელი. უნდა დარწმუნდე, რომ ამ სანქციებს კანონის დაცვით აწესებ. ამაზე დღედაღამ ვმუშაობთ, ახლაც კი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ“, – თქვა მეთიუ მილერი.
13 დეკემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20 პირს “ქართული ოცნებიდან”, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. სანქცირებულთა სახელები და გვარები მეთიუ მილერს არ დაუსახელებია.