„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 12 დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
სასამართლომ ნიკა გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა. ის დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რომლებიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
.
წინასწარი დაკავების იზოლატორთან მას ოჯახის წევრები და თანაპარტიელები დახვდნენ.
„თავისუფლება ბევრად სჯობს, მაგრამ სადაც სხვები, იქაც მე. მიტინგზე მეც წავალ დღეს აუცილებლად. როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ პარტია. ამ პროტესტზე ვინც ვართ, ვიქნებით პოლიტიკოსები თუ სხვანი“, – განაცხადა გვარამიამ.
კიდევ ერთი პოლიტიკოსი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელსაც პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის კანონდარღვევას ედავებოდა, პატიმრობიდან თავისუფალია. თუმცა, მას არ მოხსნია ბრალდება.
პროკურატურამ თავად მიმართა სასამართლოს, რომ პოლიტიკოსისთვის პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო. როგორც პროკურორი განმარტავს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენეს გირაო 4000 ლარის ოდენობით.
„ეს არაფერს ნიშნავს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. ყველაზე მეტად ვიბრძოლებ, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომლებიც დაკავებულები არიან გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, გათავისუფლდნენ. ჩემი უახლოესი ადამიანი „ოკმელა“ ზის ციხეში, სხვა ნაწამები და ნაცემი პოლიტპატიმრებიც იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის. უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ მანამდე, სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პროკურორის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ კიდევ ერთი ბრალდებული, არასრულწლოვანი გაათავისუფლა პატიმრობიდან. როგორც საქმის პროკურორი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.