თბილისის ქუჩები უკვე განათებულია. პარლამენტის წინ რამდენიმე საათის წინ ჩაირთო საახალწლო შუქები და ნაძვისხეც განათდა… თუმცა ყოველგვარი ღონისძიებისა და სტუმრების გარეშე.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მიუხედავად, თბილისის მერია დიდხანს გეგმავდა განათებებისა და ნაძვისხის საზეიმო ანთებას, თუმცა ზეიმი არ შედგა. 14 დეკემბრის საღამოს, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან კრიმინალური პოლიციის ასობით თანამშრომელი შეიკრიბა, რათა ნაძვისხესთან მისასვლელი გზები დემონსტრანტებისგან დაეცვათ. მაგრამ რუსთაველის გამზირი მაინც არ დატოვეს იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა. ეს 14 დეკემბერს მოხდა, იმ დღეს, როცა პარლამენტმა და ხმოსნებმა ქვეყნის მე-6 პრეზიდენტი აირჩიეს.
საბოლოოდ თბილისის მერი იძულებული გახდა ღონისძიება გაეუქმებინა. თუმცა კახა კალაძე მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ღონისძიებას ამ წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გამართავდნენ. მერს, ამ გადაწყვეტილების შეცვლაც მოუწია – ის, რომ რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე ღონისძიების გარეშე აინთებოდა, მოქალაქეებს თავად კახა კალაძემ ამცნო.
დედაქალაქის მერმა აქციის ათასობით მონაწილეს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას აპროტესტებენ, რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები უწოდა. კახა კალაძემ თქვა, რომ „ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას დედაქალაქში“.