მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციას სულ უფრო მეტი სფეროს წარმომადგენელი უერთდება

საპროტესტო აქციას სულ უფრო მეტი სფეროს წარმომადგენელი უერთდება

საპროტესტო აქციები მთელ საქართველოში გრძელდება… 13 დეკემბერს თბილისში რამდენიმე ადგილას სრულიად განსხვავებული პროფესიის ხალხი შეიკრიბა და საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. 13 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. გზადაგზა, თბილისის ქუჩებიდან, მათ ხალხის ახალი ჯგუფები უერთდებოდნენ. გამოღებული ფანჯრებიდან კი მსვლელობას ტაშითა და შეძახილებით ეხმიანებოდნენ.

„ვერ წარმომიდგენია ისეთი საქართველო, სადაც ჩვენი ხმა არ ისმის… იმ ადამიანებისა ვისაც გულწრფელად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“, – ამბობს ნინო ტყემალაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

.

13 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად, დედაქალაქის ქუჩებში კვლავ ათასობით მოქალაქე გამოვიდა. დილიდან დაგეგმილ ჯგუფურ პროტესტებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები, ფინანსური სფეროს, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტებიც შეუერთდნენ. საღამოს 6 საათისთვის ერთობლივმა მსვლელობამ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლა.

მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. ქუჩაში გამოსული ხალხი ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და იმ მოქალაქეების გათავისუფლებას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

.

ქუჩაში გამოვიდნენ ემიგრანტებიც, ოჯახებთან ერთად. ისინი საღამოს 6 საათზე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მარჯანიშვილის მეტროსთან იკრიბებიან ელექტრონული და საკლუბო მუსიკის წარმომადგენლებიც.  საპროტესტო აქცია სახელწოდებით „აჩვენე სიმართლე“ დაიწყო ტელეკომპანია „იმედის“ შენობასთან. რვა საათისთვის რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება ფსიქოლოგების საპროტესტო მარშიც. სტუდენტებისა და პროფესორების მსვლელობა დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კორპუსიდანაც.

ბოლოს ყველა ეს მსვლელობა, საქართველოს პარლამენტთან, 7 საათზე შეერთდა. აქციას კი კვლავ უერთდებიან ახალი მონაწილეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend