მთავარისაქართველო„პაროდიაა ის, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება” - სალომე ზურაბიშვილი

„პაროდიაა ის, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება” – სალომე ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომავალ არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საახალწლო ნაძვის ხის ანთებაზე ისაუბრა.

„პაროდიაა ის, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება” – ასე შეაფასა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილის არჩევის პროცესი.

მისი თქმით, ეს ღონისძიება მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არის არაკონსტიტუციური და არალეგიტიმური.

„ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც, ის, რაც დღეს ხდება, რომ „ოცნებიდან“ გადის “ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება… იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს. ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან სახელმწიფო პაროდიად აქციეს. ეს ყველასთვის ძალიან შეურაცხმყოფელია.

ეს არის ერთგვარი პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის ყველაფრის შეურაცხყოფა – ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ინსტიტუტებს ასე მოეპყრო. ეს არის მიუღებელი!

მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს – პაროდია მათ დარჩებათ. მთავარი ხდება სხვაგან – ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა იმ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ქვეყანაში უკვე მესამე კვირაა გრძელდება.

„ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, დაინიშნოს ახალი არჩევნები. სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს, სხვა პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში, რომ ამ კრიზისიდან რაიმე ფორმით გამარჯვებულები გამოვიდეთ, არსებობს ერთადერთ გზა, ეს არის არჩევნების გზა. სამართლიანობისა და სამართლიანი არჩევნების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც შემდეგ რაიმე პოლიტიკური პროცესი”.

სალომე ზურაბიშვილმა სამომავლო გეგმებზეც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ „არსად მიდის”.

„აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ხელისუფლების ლეგიტიმური ნაწილი, რომელიც რეალურად არჩეულია და ასახავს ამ ქვეყნისა და ამ საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია. მე ვარ ასევე თქვენი წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით. როგორც კი დადგება დრო… და ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის თუ არა არჩევნები, მე აქ ვარ და აქ ვიქნები იმისათვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები იმისათვის, რომ ამ ქვეყანას დავუბრუნოთ მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი, ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი გზა. ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც დგას აქ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend