„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილებმა ბოლო 13 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილებს თან ჰქონდათ იმ მოქალაქეების, მათ შორის, ჟურნალისტების ფოტოები, რომლებზეც ბოლო დღეების განმავლობაში სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს.
„ეს არის ორი ძირითადი მოთხოვნა: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, რეჟიმის, პირადად პუტინის ყველა პატიმარი. დაუყოვნებლივ ჩატარდეს ახალი არჩევნები საერთაშორისო ადმინისტრაციის მეშვეობით, საერთაშორისო დამკვირვებლების დახმარებით“, – ამბობს ნინო გოგინაშვილი, პარტია „ახლის“ პოლიტსაბჭოს წევრი.
„ადამიანებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ აპატიმრებენ, რომ მათ ეს მთავრობა არ უნდათ და იბრძვიან საკუთარი უფლებებისა და იმ ხმებისთვის, რომლებიც წაგვართვეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლალი კუტალაძემ.