მთავარიაზიასირიასირიაში ასადის 50-წლიანი მმართველობა დასრულდა

სირიაში ასადის 50-წლიანი მმართველობა დასრულდა

სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება დაემხო. მეამბოხეებმა, დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის” წევრებმა, დედაქალაქი აიღეს. მათი მხარდამჭერები დამასკოს ქუჩებში ასადების ოჯახის 50-წლიანი მმართველობის ოფიციალურ დასასრულს ზეიმობენ. სირიის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალი აცხადებს, რომ მზადაა ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან ითანამშრომლოს. Reuters ასადთან დაახლოებული ორი მაღალი რანგის ოფიცერზე დაყრდნობით წერს, რომ დიქტატორმა ქვეყანა დატოვა.

სირიელები ოპოზიციონერი მებრძოლები დამასკოში ჩასვლას ზეიმობენ, 8დეკემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Omar Sanadiki

მის მმართველობას, რომელმაც ქვეყანა 14-წლიან სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, წლების განმავლობაში მხარს უჭერდა რუსეთი, ირანი და ლიბანის „ჰეზბოლა“. ამ დროის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი დევნილად იქცა.

2017 წელს აშშ-მა სირიაში აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იდლიბის პროვინციაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა. თავდასხმას 90 ადამიანი, მათ შორის 303 ბავშვი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, სირიის ომს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სად არის ბაშარ ალ ასადი?

ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება სირიის დამხობილი დიქტატორი. New York Times-ის ინფორმაციით, ასადი დამასკოდან გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.

ფრენების სამეთვალყურეო ვებგვერდის FlightRadar-ის ცნობით, ჩანს ილიუშინის ტიპის თვითმფრინავი, რომელმაც დამასკო მაშინ დატოვა, როდესაც მეამბოხეებმა დედაქალაქი აიღეს.

ბაშარ ალ-ასადი Copyright AP Photo/Amr-Nabil

გავრცელებული ინფორმაციით, ილიუშინის თვითმფრინავი სირიის აღმოსავლეთ საზღვრისკენ, ერაყის მიმართულებით გაფრინდა, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთით, ასადის რუსეთის მოკავშირეების მიმართულებით გადაინაცვლა და გაუჩინარდა.

Reuters სირიულ წყაროებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ გაუჩინარება შეიძლება თვალთვალის სისტემის გამორთვით ან თვითმფრინავის ჩამოგდებით იყოს გამოწვეული. თუმცა, ამ დრომდე, არცერთ დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია, თუ ვინ იმყოფებოდა ილიუშინის თვითმფრინავში.

ამასთან ერთად, რამდენიმე დასავლური წყარო, მათ შორის Wall Street Journal იუწყება, რომ ასადი მოსკოვშია. ხოლო, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, აცხადებს, რომ პუტინის რუსეთს ასადის დაცვა აღარ სურს.

ამ ეტაპზე არცერთი ცნობა არ დადასტურებულა. ასადის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია.

ამ დრომდე, ერთადერთი ოფიციალური წყარო მოსკოვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი ,,გადადგა“ და სირია კონფლიქტის სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ დატოვა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რუსეთი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend