გუშინ, ხუთ დეკემბერს ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ სოციალურ პლატფორმა TikTok-ს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის შენახვა დაავალდებულა.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა ორგანომ გამოაქვეყნა კანდიდატის მხარდასაჭერად რუსეთის მიერ მოწყობილი ონლაინსაარჩევნო კამპანიის ამსახველი მასალები.
როგორც ცნობილია, პირველ ტურში ყველასგან მოულოდნელად კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.
„ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს TikTok-ის მონიტორინგი ციფრული სერვისების აქტის შესაბამისად. ჩვენ ვიმოქმედებთ ამ აქტის ფარგლებში ჩვენი კომპეტენციის შესაბამისად და ეს არ ეხება რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც რუმინეთის ხელისუფლებისა და რუმინელი ხალხის საქმეა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში ევროპარლამენტის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვაქვეყნეთ საარჩევნო ინსტრუქციები. ჩვენ არ ვაკვირდებით ყველას ანგარიშსა და მასალებს, რომლებსაც დებენ, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა ვამჩნევთ დეზინფორმაციის ფართომასშტაბიან კამპანიას, რომელიც, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იყოს შექმნილი. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს პლატფორმის მომხმარებლებზე, ამ შემთხვევაში რისკების შეფასება და მონიტორინგი უკვე ჩვენი კომპეტენციაა“, – ამბობს თომას რეგნერი, ევროკომისიის პრესსპიკერი.
ულტრამემარჯვენე და პოპულისტმა კელინ ჯორჯესკუმ 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა 22% მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა, რის გამოც ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში ქაოსი შეიქმნა.
რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი იძულებული გახდა, დაზვერვის მასალების გამოქვეყნების ბრძანება გაეცა. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ კელინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ შექმნილია TikTok-ისა და Telegram-ის ათასობით ანგარიში, რომლებიც მის პროპაგანდას ეწევა.
ევროკომისიამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, TikTok-ს დაევალა ამ ანგარიშების გაყინვა და გამოქვეყნებული მასალების შენახვა, რადგან ამ ვიდეოკადრების გაზიარებამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცესი დააზიანოს.