სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ უწყებამ ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან მიიღო შეტყობინება 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე, რომელთა შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში წერია, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე საგამოძიებო ორგანოში დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), ხოლო 42 მოქალაქეს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყება იძიებს, სამართალდამცველთა მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებს.