რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები დაახლოებით დილის 5 საათისთვის დაიშალნენ. გასული 6 საპროტესტო აქციისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის დასაშლელად ძალა არ გამოუყენებია. თუმცა აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანსა და ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე მობილიზებული იყო შსს-ს სპეციალური რაზმის დანაყოფები და წყლის ჭავლის მანქანები, ასევე სპეციალური ტექნიკაც.
„ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან ერთად, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკება, დემონსტრანტები აქციების მიმართ მმართველი გუნდის პოლიტიკასაც აპროტესტებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შსს აქციების დასაშლელად არაპროპორციულ ძალას იყენებს და დემონსტრანტებს იჭერს, ისინი გაჩერებას არ აპირებენ. მათი განცხადებით, გუშინ სხვადასხვა ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის ოფისებში შეჭრა არის დაშინების მორიგი მცდელობა და ეს ყველაფერი რუსულ რეპრესიებს ჰგავს.