თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქცია მერვე დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე დაწყებული საპროტესტო აქცია დაახლოებით დილის 4 საათისთვის დაიშალა.
აქციამ მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა და დემონსტრანტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დანაყოფებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. 5 დეკემბერს, პარლამენტის წინ მოქალაქეებმა დილიდან დაიწყეს შეკრება. ახალგაზრდების მხარდასაჭერად თავდაპირველად აქცია უფროსმა თაობამ გამართა.
როგორც თავად აქციის მონაწილეები ამბობენ, დღის აქციაზე ბებიები და ბაბუები შეიკრიბნენ. მოგვიანებით კი რუსთაველის თეატრის წინ საქართველოს თეატრალური და კინოსამყაროს წარმომადგენლები სხვა მოქალაქეებთან ერთად მივიდნენ. შემდგომ მათ მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც რუსთაველის გამზირი საღამოს 8 საათისთვის გადაიკეტა.