საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა ბლოგერის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში. როგორც მისი ადვოკატი ჯუბა ქათამაძე ამბობს, სამართალდამცველებმა დოდის საცხოვრებელი სახლიდან საოჯახო ტექნიკა, მეხსიერების ბარათები, ფოტოაპარატი, ლეპტოპი და სხვა ნივთები გაიტანეს. მისივე თქმით, ჩხრეკა უკანონო იყო, ვინაიდან ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ ყოფილა.
თავად დოდი ხარხელის განცხადებით, მას სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ ჩხრეკა უკავშირდებოდა მისი ყოფილი ქმრის, უჩა აბაშიძის საქმეს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის არის დაკავებული. დოდი ხარხელმა თქვა, რომ ამ საქმეზე მას უკვე მიცემული აქვს ჩვენება და რეალურად ჩხრეკა უკავშირდება მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ის აქტიურად მონაწილეობს.
სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, სადაც მისი არასრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. განცხადებაში წერია, რომ არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლში იყო ჩაკეტილი და ბიძას მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონდა. სახალხო დამცველის აპარატისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე არასრულწლოვანის ოჯახის წევრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვი გამოყვანილია ბინიდან და განრიდებულია მიმდინარე პროცესებს.
სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება. ხოლო ამის წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად უნდა განარიდონ მიმდინარე პროცესებს. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ ისინი შეისწავლიან ამ ფაქტს და შესაბამისად იმოქმედებენ, უფლებამოსილების ფარგლებში.